საქართველოს თმის ტრანსპლატოლოგიისა & ტრიქოლოგიის ასოციაცია

Georgian Hair Transplantation & Trichology Association

ლალალენდი

Team-2-1.png

ლალალენდი

Team-2-1.png

ხმოვანი კინოს გამოჩენის შემდეგ, როდესაც გამოსახულებას აუდიო განზომილება დაემატა, ეს ახალი შესაძლებლობა ყველაზე გამომგონებლურად რუბენ მამულიანმა გამოიყენა თავის მიუზიკლში „გიყვარდე დღეს“, სადაც პირველივე სცენაში, რომელიც პარიზში მიმდინარეობს, ქალაქის გამოღვიძება ყოველდღიური ხმაურის სიმფონიად გადააქცია, საგზაო სამუშაოების, ქუჩაში ჩაძინებული ნამთვრალევი კაცის ამოხვრენვის, მეწაღის მოქნეული ჩაქუჩის თუ დამლაგებლის ცოცხის ჟღერადობა ორკესტრულ მრავალხმიანობად აქცია და პარიზის მუშათა კლასის ცხოვრება მთელი მომხიბვლელობით წარმოაჩინა. დაახლოებით იგივე ხდება რეჟისორ დემიენ შაზელის ფილმში „ლა ლა ლენდი“, რომლის პირველ სცენაშიც ლოს ანჯელესურ საცობში გაჭედილი ახალგაზრდები სინქრონულად იწყებენ ცეკვას და სიმღერას. ეს უბრალო მუსიკალური სცენა არაა მაყურებლისთვის იმის მისახვედრებლად, რომ მიუზიკლზე მოხვდა. თვალისმომჭრელ ფერად სამოსში გამოწყობილი ადამიანები საერთო ოცნებას ატარებენ. ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ინდივიდები, რომლებიც საცობში გაჭედვის გამო აღმოჩნდნენ გვერდიგვერდ, უნისონში მოძრაობენ და სიმღერის კუპლეტებს იდეალურად აგრძელებენ რეპეტირებული ბენდის წევრებივით იმიტომ, რომ ეს მათი ოცნებების კოლექტიური გამოძახილია.

საცობის სერენადა, რომელსაც ძალიან მხიარული, ენერგიული და ფერთა პალიტრის სადღესასწაულო მარში მოყვება, მუსიკალურად საკმაოდ პოზიტიურ განწყობას ატარებს, მაგრამ მისი ტექსტი ემსახურება იმ დიქოტომიის წარმოჩენას, რომელიც ლოს ანჯელესის გასართობ ინდუსტრიაში არსებობს (იხ. ტექსტი). ვარსკვლავებით ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი, სადაც ჩადიან იმისთვის, რომ პოპულარობა მოიპოვონ და ჰოლივუდის ელიტაში მოხვდნენ, უმრავლესობისთვის განუხორციელებელ ოცნებად რჩება. ლოს ანჯელესში ცხოვრება გამუდმებულ სიძნელეებს წარმოშობს მრავალ კასტინგზე სიარულით თუ დამცირების გამოვლით, ახალგაზრდებს იმედები უცრუვდებათ, ოცნებები ემსხვრევათ, გული წყდებათ, მაგრამ ქალაქი არ იცვლება, იქ ყოველდღე მზე ანათებს. წინა დღით უარი გითხრეს სასურველ პოზიციაზე, მიგატოვეს, ბოლო იმედი წაგართვეს, არ აქვს მნიშვნელობა, დილით რამდენად დეპრესიულადაც არ უნდა გაიღვიძო, გარეთ მაინც მზე ანათებს. It’s another day of sun მღერიან ახალგაზრდები, რომლებიც ერთი მიმართულებით, საკუთარი ოცნებების რეალიზების მიზნით მიიწევენ წინ.

დემიენ შაზელის რეჟისურის ერთ-ერთი ბრწყინვალება ის გახლავთ თუ რამდენად კარგად იცნობს ის ლოს ანჯელესის ანატომიას. მაგალითად, სიუჟეტურად მსგავს მიუზიკლში, მარტინ სკორსეზეს „ნიუ იორკ, ნიუ იორკში“ როდესაც რობერტ დე ნიროსგან კიდევ ერთხელ გულგატეხილი ლაიზა მინელი გარეთ გადის, მის განწყობას ამინდიც ემთხვევა, ქუჩაში ატალახებული თოვლია და ყინავს. გარემოც იცვლება პერსონაჟების ხასიათთან ერთად. თუმცა ლოს ანჯელესში სულ მზეა, პალმები თავმომწონედაა ცამდე აშვერილი, ცა კი იდეალურად ლურჯია. ის თითქოს მხოლოდ გამარჯვებულების ქალაქია, მათი ბედი კი, ვისაც დილით ბინიდან გასახლების შესახებ გაფრთხილების ცნობა აღვიძებს, საერთოდ არ ადარდებს. რეჟისორი დეტალებში გვაცნობს ქალაქს, კინორომანტიზმის მექას, სადაც ყველაფერი ფილმების კეთებაზე (და არა შექმნაზე) ორიენტირებულია, სადაც „აღმერთებენ ყველაფერს და პატივს არაფერს ცემენ“, ქუჩებს კეტავენ გადაღებებისთვის, დედები შვილებს ძალით ექაჩებიან კასტინგზე და ახალგაზრდებს ოცნებებს ინდიფერენტული კასტინგის რეჟისორები კლავენ, რომლებიც როგორც სამომხმარებლო პროდუქტს, ისე უყურებენ მათ.

პირველ ოთხ წუთში რეჟისორი ქალაქზე იმდენ ინფორმაციას გვაწვდის, რამდენიც საკმარისია მისი ბუნების გასაცნობად. აქ ყოველი დღე მორიგი მზიანი დღეა, საცობები მუდამ მეოცნებე ახალგაზრდებითაა დაკონსერვებული. სიმღერაც, რომელსაც დასაწყისში ვისმენთ, იგივე ისტორიას გვიყვება, რომელსაც მოგვიანებით ცოცხლად ვიხილავთ. რეჟისორი წარმოგვიდგენს ლოს ანჯელესს, რომელიც მუდმივი ბრძოლაა წარმატების მოსაპოვებლად და რომლის ზედაპირული სილამაზე (სიმღერის მელოდია) მის მელანქოლურ ბუნებას (სიმღერის ტექსტი) ფარავს. ამდენი საუბარი ლოკაციაზე იმიტომ იყო საჭირო, რომ ის ერთადერთი მნიშვნელოვანი და დასაამხსოვრებელი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია ფილმში, რომელსაც საჭიროა ყურადღება მიექცეს.

sacob

შაზელი უკვე მესამე ფილმია ლეიტმოტივად იყენებს ხელოვნების და პირადი ურთიერთობების შეპირისპირებას. მის მთავარ პერსონაჟებს საბოლოოდ უწევთ არჩევანის გაკეთება გრძნობებსა და ოცნებებს შორის. მაგრამ „ლა ლა ლენდში“ ამ ორი მედიუმის თავსებადობა იდეალურად გამოიკვლია რეჟისორმა, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. თუ მისი პირველი ფილმი Guy and Madeline on a Park Bench შთაგონებული იყო კასავეტესით (Faces) და ალენით (Manhattan) და დამატებული ქონდა ჯაზი, მეორე ფილმში კი ინსპირაცია ნაპოვნი იყო კუბრიკთან (Full Metal Jacket) და ფოსისთან (All That Jazz) და დამატებული ქონდა ჯაზი, ”ლა ლა ლენდი” შთაგონებულია ჟაკ დემით, რომელიც თავის მხრივ შთაგონებული იყო ჯინ კელით და ვინსენტ მინელით. ხო, და დამატებული აქვს ჯაზი. ჟაკ დემის მიუზიკლები, განსაკუთრებით „ახალაზრდა გოგონები როშფორიდან“, ყველა კადრში იგრძნობა შთამბეჭდავი ფერთა პალიტრის გამო. კოსტუმები, განათებები, პოსტერები, ბილბორდები, ფარდები, ყველა მატერია საოცრად სტილიზებული და ფერადია. ამასთან, ეს არ წარმოადგენს უმისამართო, პერმანენტულ სილამაზეს, ფერები ფილმის ტონალობასთან ერთად იცვლება და პერსონაჟების ხასიათს ეხამება.

და არა მხოლოდ ფერები, ყველა ტექნიკური დეტალი ნარატივის გასამდიდრებლად გამოიყენება. მაგალითად, როდესაც მთავარი პერსონაჟების მიას (ემა სტოუნი) და სებასტიანის (რაიან გოსლინგი) პირველი კოცნა პლანეტარიუმში ირისის ტექნიკით დაიხურება, ეს უბრალოდ მუნჯური კინოსადმი პატივის მისაგებად და ნოსტალგიურობის შესაქმნელად არ იქნება გამოყენებული, მას შემდეგ ვიზუალური თხრობის ახალი ეტაპი დაიწყება: ტონალობა გარდაიქმნება, ხასხასა და მაცდური ფერები მუქი და დამჯდარი ფერებით იცვლება, მძიმედ ქორეოგრაფიული ნომრები და ფრივოლურობა ქრება. მას შემდეგ, რაც მია და სებასტიანი წყვილად დაფიქსირდებიან და სტაბილურობისკენ წავლენ, მხიარულებას მელანქოლია და დრამატიზმი ჩაანაცვლებს, რადგან სიყვარულში ინდივიდუალური მისწრაფებები უკან იხევს და წინა პლანზე საერთო ინტერესები გადმოდის. როგორც სებასტიანი ჯაზზე საუბრისას ამბობს, ჯაზ სესიის ყველა მონაწილე საკუთარ ისტორიას ყვება, საკუთარი თავის ინვესტირებას ახდენს საქმეში და მხოლოდ ასე ხდება ჰარმონიის მიღება, კონფლიქტის და კომპრომისის დაბალანსებით. თუმცა ეს სუმარიზაცია ერგება არა მხოლოდ ჯაზს, არამედ რომანტიკულ ურთიერთობებსაც, სადაც კონფლიქტის ფუძეს მხოლოდ კომპრომისი ფარავს. სწორედ მაშინ, როდესაც კომპრომისის შეუძლებლობა იქმნება, პაუზდება სიყვარულიც.

ფრანგი ფილოსოფოსი ალან ბადიუ თავის წიგნში In Praise of Love ერთგულებაზე საუბრისას ამბობს, რომ ერთგულება მხოლოდ სხვასთან სექსუალური კავშირის უარყოფას არ გულისხმობს, ის პირველ რიგში იმის დეტერმინაციას გულისხმობს, რომ წყვილმა რაიმე უნიკალური შექმნას, ისეთი რამ, რაც ბურჟუაზიულ ნორმებს და წეს-ჩვეულებებს  არ დაეყრდნობა. სწორედ ამ ტიპის ერთგულებას და სასიყვარულო თავდადებას იჩენს სებასტიანი, როდესაც მიას საკუთარი შემოქმედების თავად განსაზღვრისკენ მოუწოდებს და უბიძგებს საკუთარი როლი თვითონ დაწეროს, რაც საბოლოოდ მისი ოცნების მატერიალიზების საშუალებას მიცემს, მაგრამ წარმოქმნის კონფლიქტს. კაპიტალისტური სამყაროს წარმოდგენები წარმატებულ ადამიანზე, რომ აუცილებელია სტაბილური შემოსავალი და მუდმივი სამსახური, სებასტიანს აიძულებს უარი თქვას თავის ოცნებაზე ბარის გახსნასთან დაკავშირებით და დაუკრას ბენდში პოპულისტური მუსიკა, რომელსაც ყოველთვის გმობდა. რომანტიკოსი სებასტიანი ურთიერთობის სამსხვერპლოზე მოიტანს საკუთარ ოცნებებს და საბოლოოდ სიყვარულს გადააქცევს იმ საწვავ ენერგიად, რომელიც ჯერ მიას, შემდეგ კი უკვე თავად მას დაეხმარება მიზნის მიღწევაში.

მთელი ამ რომანტიკის პარალელურად, შაზელი ოსტატურად ახერხებს ახალგაზრდებში კლასობრივი სხვაობის და მახასიათებლების წარმოჩენას. მია მეგობრებს წვეულებებზე იმისთვის დაყავთ, რომ იქნებ პროდუსერს მოეწონოს, რეჟისორმა გამოარჩიოს და ა.შ. წვეულებები, როგორც გართობის საშუალება, გარდაიქმნება საბაზრო დახლად, სადაც საკუთარი თავი უნდა გაყიდო. შაზელი დაგლას სირკის მსგავსად წარმოაჩენს ლამაზ, მიმზიდველ ამერიკას, იდეალურად სუფთა მანქანებით და ფერადი კოსტუმებით, სადაც სიცოცხლის პულსთან რეალურ სიახლოვეს და რომანტიკას დაბალ კლასში ხედავს. ამის წარმოსაჩენად მიას თავდაპირველი მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ბოიფრენდის ძმასთან საუბარი გამოგვადგება, სადაც ის კინოთეატრების, კოლექტიური გრძნობების წარმოჩენის ადგილის მარგინალიზებას ახდენს და ამბობს, რომ იქ სიბინძურე და ხმაურია, ამიტომ მაღალი ხარისხის სახლის კინოთეატრში ჯობს ფილმების ნახვა, შემდეგ კი საუბარს იწყებს იმაზე, რომ ნიკარაგუაში სურდა დასვენება, მაგრამ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ინდონეზიაში უფრო კეთილმოწყობილი იყო და ბოლოს იქ წავდია. ამ საუბრის მოსმენა საბოლოოდ გადააწყვეტინებს მიას პარტნიორის მიტოვებას და სებასტიანთან წასვლას, რომელიც ელიტური ქედმაღლობის მაგივრად ვნებიანად საუბრობს ხელოვნებაზე, ისტორიაზე და ღირებულებებზე.

რაიან გოსლინგი „დრაივის“ შემდეგ თითქოს სულ ერთ როლს თამაშობს კოპებშეკრული, აუღელვებელი, მოსაწყენი ადამიანის, მაგრამ აქ, აქვს გამონათებები, რაც ძირითადად საცეკვაო ნომრებს და სიმღერას ეხება. მისი სხეული პროგრამირებული მანქანასავით იდეალურ მოძრაობებს ახორციელებს მაქსიმალური მოქნილობით და პლასტიკით, მისი ბარიტონი კი იმ ორ სიმღერაში, რომელსაც მღერის, კარგად წარმოაჩენს ტექსტის ხასიათს და პერსონაჟის განწყობას. მისი ხმა არ არის სუფთა და ვერ ადის მაღალ ნოტებზე, მაგრამ სწორედ ამით რჩება რეალისტური და მომხიბვლელი. აგრეთვე აღსანიშნავია თუ რამდენად ოსტატურად და დახვეწილად ასრულებს საკმაოდ რთული ტექნიკით დასაკრავ კომპოზიციებს ფორტეპიანოზე. თუმცა დიალოგების დროს ის კვლავ უბრუნდება იმ სამყაროზე იმედგაცრუებული კაცის როლს, რომელზეც ზევით ვისაუბრე, თუმცა საფინალო გამოხედვაში მისი მზერა იმხელა სევდას, მელანქოლურობას, დრამას და ამავდროულად სიცოცხლეს ატარებს, ჩემვის ავტომატურად აბათილებს უკმაყოფილობებს რაც მისდამი გამაჩნდა.

MV5BMjIzNzIwMTY4M15BMl5BanBnXkFtZTgwNjI2Mzc2MDI@__V1_SY1000_CR0,0,1505,1000_AL__854x567

აი, სამაგიეროდ ემა სტოუნი იმდენად მეტყველია ყველა სცენაში, ისეთ გრაციას და ელეგანტურობას ასხივებს, მხოლოდ მისკენ გაგირბის თვალი. საცეკვაო ნომრებში თუ გოსლინგი ზუსტად კალკულირებულ მოძრაობებს ახორციელებს მუდამ დაჭიმული სხეულით, სტოუნი თავისუფალი, მოდუნებული და ლაღია, ურთულეს ქორეოგრაფიულ სცენებშიც კი მისი სხეული ისე ირხევა, თითქოს ყველაზე ბუნებრივ მოძრაობებს ასრულებდეს. ყოველი დეტალი, დაწყებული მხრების და თითების მოძრაობით თუ სიმღერის წინ ჩუმი ჩახველებით, საოცარი ავთენტურობით არის გათამაშებული. საჭიროებისამებრ მისი მიმიკები ხან სასაცილოა, ხან ტრაგიკული, ხან ბედნიერებით სავსე, ხან იმედგაცრუებული. მისი ვოკალი კი საოცარ დრამატურგიას იძენს, განსაკუთრებით ბოლო სიმღერაში The Fools Who Dream, რომელიც უკვე შეგვიძლია მივიღოთ თანამედროვე ჰიმნად ყველა იმ ადამიანზე, ვინც რაიმე შემოქმედებითი სახის მიზნისკენ მიიწევს მრავალი დაბრკოლების მიუხედავად. სიმღერის პირველ ნახევარში მისი ხმის ტემბრი მშვიდი და სევდიანია, მეორე ნახევარში ძლიერი, ფეთქებადი და ემოციებით დატენილი, ბოლოს კი მსხვრევადი და ნაივური ხდება. ერთი სიტყვით, ემა სტოუნს შეუძლია ცხოვრბის ბოლომდე არაფერი აღარ გააკეთოს, ამ როლით უკვე დაიმსახურა სამუდამო პატივისცემა.

ფილმის ოპერატორი ლაინუს სანდგრენი კამერას ისეთივე ქორეოგრაფიით და დახვეწილი მანერებით ამოძრავებს, კადრის განლაგებაც კი მელოდიური ხდება და სხეულს იძენს, რომელიც გამუდმებით მიყვება რითმს. ამის პარალელურად ობიექტივი მაყურებლის მზერადაც იქცევა და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებს მთავარი გმირების ირგვლივ არსებულ სივრცეს, იქნება ეს ინტერიერში თუ ექსტერიერში. დამატებით მომხიბვლელობას და თანამონაწილეობის შეგრძნებას ის დეტალი მატებს ფილმს, რომ მრავალი კადრი ხანგრძლივი, უმონტაჟო სცენითაა გადაღებული. მემონტაჟის ბრწყინვალება კი განსაკუთრებულად იგრძნობა პროლოგში, როდესაც საცობში მასშტაბური საცეკვაო ნომერი იმდენად კარგადაა შეწებებული, რომ ვერც კი ამჩნევ როდის მოხდა სამონტაჟო ჭრა და საოცრად დიდ სივრცეზე, მანქანიდან მანქანაში ოთხ წუთიანი მარათონული კამერის მოძრაობები ერთი უწყვეტი კადრივით აღიქმება. ასევე ფილმის პირველ ნახევარში, სანამ ზემოთ ნახსენები ირისის ტექნიკით დაიხურება და გაიხსნება სცენა, სამონტაჟო ჭრები ენერგიულია და სწრაფი ახლო ხედებითაა სავსე, შემდეგ კი ახლო ხედების ტემპიც ფილმის განწყობასთან ერთად ნელდება და მელანქოლური ხდება, ენერგიულ კადრების ცვლას კი ერთმანეთში გარდამავალი სცენები ცვლის, რომლებშიც პერსონაჟების ფიზიკური თუ ემოციური მდგომარეობის სხვაობა აისახება. განათება დრამატულად იცვლება, როდესაც მთავარი პეროსნაჟები პირად განცდებს მუსიკის საშუალებით გამოხატავენ, რაც კიდევ უფრო ემოციურად ანგაჟირებულ დატვირთვას აძლევს სცენებს.

მაგრამ ყველაფერი რაზეც ზევით ვისაუბრე საკმაოდ გახუნდებოდა, რომ არა ფილმის ალბათ მთავარი სუბსტანცია, არტერიული სისტემა – მუსიკა. თუ დემიენ შაზელი ახალი ჟაკ დემია, მაშინ მისი კომპოზიტორი ჯასტინ ჰურვიცი ახალი მიშელ ლეგრანი გახლავთ. ჰურვიცი ფილმის დეფაქტო სცენარისტი გამოდის, რადგან მიუზიკლში დიალოგის პარალელურად ნარატივს მუსიკა ანვითარებს. როგორც შეუძლებელია „შერბურგის ქოლგების“ ერთხელ ნახვის შემდეგ თავიდან ამოიგდო მთავარი მელოდია, „ლა ლა ლენდის“ შემთხვევაში, ანალოგიურად ხდება კომპოზიციაზე, რომელსაც „მიას და სებასტიანის თემა“ ეწოდება. ამასთან მელოდია სიუჟეტის მსვლელობასთან ერთად ევოლუციას განიცდის და ახალ კონოტაციას იძენს, უჩინარ პერსონაჟად გარდაიქმნება, რომელსაც მოქმედებაში მოყავს მნიშნელოვანი გადაწყვეტილებები. ამას გარდა ყველა კომპოზიცია ცალკე ისტორიას, სიუჟეტურ განვითარებას, ატმოსფეროს შექმნას, ხასიათის დაყენებას ემსახურება და ყოველი მათგანი აინფიცირებს გონებას და კუნთებს. ზოგი მათგანი ფლირტია, ზოგი დეტონირებული ემოციების ძლიერ ფეთქებადი სუბსტანცია, ზოგი მაღალკონცენტრირებული ენერგია, ზოგი კი მელოდრამატული მოგონებების კალეიდოსკოპი. მთელი მუსიკალური გაფორმება სეისმური აქტივობაა, რომლის შედეგებიც ყოველ ახალ სცენაში იცვლება და ძლიერდება.

”ლა ლა ლენდის” მომხიბვლელობა ამ მრავალფეროვნებაშია, ის ერთბაშად არის რეალისტური და მაგიური ისტორია, ძველმოდური და ამასთან საოცრად მოდერნული, კლასიკური მიუზიკლების სტილში გადაწყვეტილი და ამავდროულად სიახლის შეგრძნებით სავსე. როგორც იანუსი, ფილმი ერთი სახით იუყურება წარსულში, მეორე სახე კი მომვლისკენ აქვს მიპყრობილი. მისი რეალისტურობა საუკეთესოდ მაშინ წარმოჩნდება, როდესაც მორიგ კასტინგზე ფრუსტრირებულ მიას ხასიათს სებასტიანთან კინოპაემანის მოლოდინი გამოუკეთებს, როდესაც განცდების ვიზუალიზაცია  ჯადოსნური სცენებით მოხდება, როდესაც კოსმოსში ცეკვის მეტაფორით ის მღელვარება გადმოიცემა, რასაც მთავარი გმირები განიცდიან, კინოთეატრში სენსიტიური და ინტიმური მომენტის აღწერისას მიას და სებასტიანის თითები მორცხვად შეეხებიან ერთმანეთს და დაძლეული უხერხულობა ღიმილს მოგგვრის, რადგან ზედმეტად დელიკატური, ადამიანური და ნაცნობია ეს დეტალები. და ბოლოს, გრანდიოზული მუსიკალური ფანტაზიის, ემოციური ბალეტის დროს, რომელიც ალტერნატიულ ისტორიას გვიჩვენებს გრძნობებით სავსე ანტურაჟში.

12_efc0e691

ბენდ Arcade Fire-ს სოლისტი უინ ბატლერი სიმღერაში Afterlife ძალიან საინტერესო კითხვას სვამს: სად მიდის სიყვარული, როდესაც ის ქრება? (When love is gone, where does it go?) როდესაც სებასტიანს სახლში და სტუმრობს, ეუბნება, შენი ოცნებები ჯაზ კლუბის გახსნაზე იგივეა იმ გოგოს მუდმივ დევნაში იყო, ვინც მიგატოვაო. სებასტიანი როგორც რომანტიკოსი გმირი სიყვარულის მოპოვების შემდეგ კლუბის გახსნის ვნებას ინელებს და პრაგმატულად იწყებს საკუთარი მომავლის ისე კონსტრუირებას, როგორც გონია, რომ უკეთესი იქნება ურთიერთობისთვის. მია, რომელიც რომანტიკოსზე მეტად მეოცნებე ფიგურაა, როდესაც შესაძლებლობა გამოჩნდება, ვერ და შეიძლება არც ახერხებს საკუთარი ოცნების ურთიერთობისთვის შეწირვას. საბოლოოდ სებასტიანი მათ სიყვარულს როგორც ზევით უკვე აღვნიშნე, მამოძრავებელ ენერგიად გარდაქმნის, რომელიც საკუთარ ოცნებებთან მიიყვანს წყვილს, მაგრამ დააშორებს ერთმანეთს. რომ არა სებასტიანის რწმენა მიას ოცნებისადმი, ის არ დაწერდა პიესას, რომ არა სებასტიანის მხარდაჭერა პიესის რეალიზებაზე, ის არ დადგამდა სპექტაკლს, რომ არა სებასტიანის დაჟინება, ის არ წავიდოდა კასტინგზე. და რომ არა მიასთან განშორება, სებასტიანი აღარ დაუბრუნდებოდა საკუთარ ოცნებას კლუბზე და ჯაზის გადარჩენის მისიაზე. განშორების შემდეგ მისთვის კლუბის გახსნის იდეა რეალურად იმ გოგოს დევნად გადაიქცა, რომელმაც მიატოვა.

მია და სებასტიანი ფიზიკურად დისტანცირდენ ერთმანეთისგან, მაგრამ მხოლოდ მათი სიყვარულის მიერ წარმოებული ბიძგი უწევდა მათ გზამკვლევის ფუნქციას ოცნებებისკენ მიმავალ სივრცეში. თუ „კასაბლანკაში“ რიკს და ილზას სამუდამოდ დარჩებათ პარიზი, მიასთვის და სებასტიანისთვის ეს მათი მელოდიაა, რომელშიც კონცენტრირებულია ისტორია, ემოცია და იმედები. უინ ბატლერის კითხვაზე თუ სად მიდის სიყვარული, როდესაც ის ქრება, შეგვიძლია პასუხი საფინალო სცენაში ვიპოვნოთ, როდესაც ფორტეპიანოს აკორდები აღმოჩნდება ის ტოტემი, რომელიც ადამიანურ კავშირს და მათ ისტორიას ინახავს და მოქმედებაში მოყვანისას, როგორც კინოფირი, ემოციური აპარატით და მოგონებებით ახერხებს მათ გაცოცხლებას და აწმყოში დაბრუნებას. მაგრამ როგორ უნდა წავიკითხოთ ეპილოგი, რომელიც ღიმილნარევი სევდით არის კონსტრუირებული და რა უნდა ვიფიქროთ მთავარი გმირების უკანასკნელ ემოციურ გამომშვიდობებაზე, მზერის დრამატულად გაცვლაზე?

რომანტიკულ გმირ სებასტიანს იმდენად უყვარს მია, რომ მისთვის მსხვერპლად იღებს საკუთარ ოცნებას და შემდეგ უკვე ბედნიერებას. მისთვის ჯაზ კლუბი პორტალია, რომელიც იმედს თუ რწმენას უნარჩუნებს, რომ ერთ დღეს მეორე მხრიდნ მასთან მია შემოვა. სებასტიანისთვის ბედნიერების მიღწევა ასე რჩება შესაძლებელი. იმედზე მოჭიდება მისი რეალობისგან თავის დაღწევის საშუალებაა, შესაბამისად, იმედის ქონა მისთვის ბედნიერების ექვივალენტურია. თუმცა რეალური ბედნიერების მიღწევა მხოლოდ პირადი გამოცდილებითაა შესაძლებელი და არა ამ გამოცდილების უარყოფით. თუ ბედნიერება რეალურია, ადამიანმა უნდა შეძლოს მისი მოპოვება იმედზე გამოკიდების გარეშე. რომანტიკული გმირი სებასტიანი საბოლოო მოცემულობაში ემსგავსება აბსურდულ გმირ სიზიფეს, რომელსაც იმდენად უყვარდა კაცობრიობა და სიცოცხლე, რომ მათთვის უკვდაობის მინიჭების გამო მიესაჯა სამარადისო ბრძოლა უმიზნო საქმიანობასთან. როგორც საცობის სცენაში კასტინგზე მიმავალი ახალგაზრდები, სიზიფეც ყოველდღე ეზიდება გიგანტურ ლოდს მთის წვერზე მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლომდე მისულს უკან დაუგორდეს. და როგორც სებასტიანი, ის არ კარგავს იმედს. ალბერ კამიუ ესსეში „სიზიფეს მითი“ ამბობს, რომ სიზიფეს ფარული ბედნიერება იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი ბედი მასვე ეკუთვნის, რადგან კლდის ლოდი მისი პირადი საზრუნავია. როდესაც სიზიფე თვალს გადაავლებს თავის ცხოვრებას, დაინახავს მოქმედებების წყებას, რომელსაც ერთ მთლიანობად მისი მეხსიერება აქცევს. შემდეგ ის უბრუნდება ლოდს და მიაბიჯებს მარადიულად. თუ სიზიფე გვერდით გადადებს იმედს, მისი სასჯელიც გაქრება.

სებასტიანის ლოდი მისი მუსიკაა, ის კომპოზიციაა, რომელიც მიას სიყვარულის ისტორიას ინახავს. როდესაც ის თვალს პირისპირ გაუსწორებს რეალობას, დაინახავს, რომ იმედი მიას დაბრუნებაზე „უსინათლოს იმედს გავს თვალის ჩინის დაბრუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცედ იცის, მისი ღამე უსასრულოა“. შესაბამისად, ბოლო თავის დაქნევა შეგუებაა რეალობასთან და გამომშვიდობებაა სიყვარულთან. ლოდი კვლავ  განაგრძობს დაგორებას, მაგრამ სებასტიანმა უკვე იცის, რომ მასთან შეხებისას მხოლოდ მიახლოების ილუზიას აჩენს და ვერასოდეს მიიტანს დანიშნულების ადგილამდე, ვეღარ დაიბრუნებს მიას. როდესაც კამიუსთან სიზიფე თავის ბედისწერას იაზრებს, ავტორი გვთავაზობს, რომ სიზიფე ბედნიერად მივიჩნიოთ, რადგან თუ გვჯერა ჭეშმარიტი ბედნიერების შესაძლებლობის, მაშინ სიზიფე, რომელიც თვალს უსწორებს რეალობას და არ ცდილობს მისგან დასხლტომას, საკუთარ ყოფაში ბედნიერებასაც პოულობს. ამიტომ, შეგვიძლია „ლა ლა ლენდის“ ეპილოგიც ბედნიერ დასასრულად მივიღოთ.

სწორედ ყველაფერი ამის გამო და არა მხოლოდ, „ლა ლა ლენდი“ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. „ყველაფერი, რასაც ვეძებთ, არის იმის შეგრძნება, რომ ვუყვარვართ“ – მღერის მია კომპოზიციაში City of Stars. „ლა ლა ლენდი“ ზუსტად ის ფილმია, რომელიც სიყვარულს გაგრძნობინებს, მასთან კომუნიკაციის აუცილებლობას, ლიკვიდურ ბუნებას და კომპრომისის მნიშვნელობას შეგახსენებს და მაქსიმალურად დაგტოვებს მასთან რეფლექსიაში. ამიტომ არის საჭირო მისი  მსგავსი ფილმების არსებობა და სწორედ ამიტომ, მიუხედავად „ჭუჭყიანი დარბაზის და ხმაურიანი მაყურებლისა“, მათ სანახავად კინოთეატრში სიარული, დღემდე რჩება ამაღელვებელ გამოცდილებად.

ბოლო სტატიები

ირაკლი ბებიაშვილი

ირაკლი ბებიაშვილი

თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრ „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ს ხელმძღვანელობს ირაკლი ბებიაშვილი,

სრულად »